"საპენსიო რეფორმების მიმართ მოქალაქეების უნდობლობა გასაგებია, რადგან მათ არა აქვთ სტაბილურობის განცდა," - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი პაპავამ, გააკეთა.
მისი თქმით, მოქალაქეები ხედავენ, რომ რეფორმასთან მიმართებაში არ არსებობს პოლიტიკური კონსესუსი და უმრავლესობის წევრებმაც კი დატოვეს სასესიო დარბაზი განხილვის დროს, ეს მოქალაქეებში სკეპტიციზმს იწვევს.
„მსგავსი რეფორმების გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსესუსი და როდესაც ეს არ არსებობს, ძალიან ძნელია, მე, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, შევძლო ჩემი ცხოვრების დაგეგმვა ამაზე დაყრდნობით. მე არ ვიცი, მაგალითად, 5 წელიწადში ვინ რას როგორ შემიცვლის,“ - განაცხადა გიორგი პაპავამ.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც მოქალაქეებში უნდობლობა გამოიწვია, მათი პოზიციის მოსმენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა.
გიორგი პაპავა ამბობს, რომ მოსახლეობას არ მიეცა არჩევანის საშუალება, გადაეწყვიტა, სურდა თუ არა ამ პროცესში ჩართვა.
ექსპერტი იმ რისკებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა შესაძლოა, დაგროვილი პენსია დაკარგოს.
"ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ის მთავრობა, რომელიც დღეს არის, ხვალ არ იქნება, ახალი მოვა და ა.შ. რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ჩემი საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა აიღოს, როგორც ვალი და შემდეგ ვეღარ გადაიხადოს სახელმწიფომ ვალი საპენსიო ფონდის მიმართ და შესაბამისად, ეს თანხები ვერ დაბრუნდეს ჩვენთან,“ - განაცხადა გიორგი პაპავამ.