საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები, ყოფილ თანაგუნდელებს ცინიკური განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის წევრები ვერ ახერხებენ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ადეკვატური რეაგირების გამოხატვას.
გოგიჩაიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს წარმოიდგინონ თავი ეკა ბესელიას ადგილზე. შესაძლოა, მათი უმრავლესობა დეპრესიიდან ვერც გამოვიდეს.
გოგიჩაიშვილი ასევე საუბრობს პარლამენტში არსებული გენდერული საბჭოს უმოქმედობაზე.
„თითქოს არაფერი ხდება, აბა დააყენონ საკუთარი თავი ამ ადამიანის ადგილას, შეიძლება ვერ გამოვიდნენ ღრმა დეპრესიიდან. ასეთი ცინიკური საქციელი არ არის კარგი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ამ ადამიანმა მტკიცედ მიიღო და არ ჩამოიშალა, მიკვირს პარლამენტში გენდერული საბჭოში, რომელსაც დიდი დროშა უჭირავს ქალების უფლებების დაცვის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება ეს ადამიანები ქრებიან,"-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ რატომღაც, ეკა ბესელიას წინააღმდეგ ფარული კადრების გავრცელება, დეპუტატის მიერ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოჰყვება. ჭიჭინაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს მორალთან კავშირი არ აქვს და შესაბამისად მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
„მათ ქმედებებში გამორიცხული არაფერია, იმიტომ რომ თვითონ უზნეობის სიმბოლოდ იქცა უმრავლესობის გარკვეული ჯგუფი, ამიტომ მათ მორალთან კავშირი არ აქვთ. შეიძლება რასაც აკეთებენ ვერც ათვითცნობიერებენ. საჭიროა მათთვის ტრენინგების ჩატარება რომ გაიგონ მორალი რა არის,“-ამბობს დავით ჭიჭინაძე.