ე.წ. "დედოვშინა," ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვა და მათზე ძალადობა - სკანდალის შესახებ, რომელიც პირველად "კურიერმა" გაასჯაროვა, ლევან იზორიას პასუხების გაცემა დღეს პარლამენტში მოუწევს. თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი მწვავე საკითხი და სხდომათა დარბაზში ხმაურიანი დებატებია მოსალოდნელი. ოპოზიცია გეგმავს, მინისტრს შეკითხვები დაუსვას სამინისტროში არსებულ სავარაუდო კორუფციასა და ნეპოტიზმზე, რის გამოც იზორია სკანდალში არაერთხელ გაეხვა.
"ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს, მაგალითად კვლავ დაბრუნდა 90-იანი წლების ე.წ. "დედოვშინა," კორუფცია როდესაც გვესმის რომ ჯარისკაცებს არ აქვთ დროზე შეძენილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,"-აცხადებს გია ბარამიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ სისტემაში არის კორუფცია, სამხედრო მოსამსახურეებს იაფ მუშახელად იყენებენ და მინისტრთან საკმაოდ მწვავე შეკითხვები ექნებათ.
"ჩვენი მოქალაქეები მიჰყავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ისე, რომ არ არის მზად სისტემა რომ რეალურად მათ სამხედრო საქმე ასწავლონ. ხშირად მათ იაფი მუშახელის სახით იყენებენ, ეს ურტყამს ძალიან მტკივნეულად ჩვენს ეკონომიკასაც, მათ შორის ზრდის კორუფციის რისკებს," - აცხადებს ოთო კახიძე.
ოპოზიცია ასევე მოითხოვს თავდაცვის მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის შესახებ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა იძულებით არ უწევდეთ.
რადიკალურად განსხვავებული შეფასებებით დახვდება იზორიას უმრავლესობა. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ თავდაცის სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა.
"სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გვესმის ოპონენტების მხრიდან თავდასხმები, მაშინ როდესაც ნატოს მხრიდან, საერთაშორიშო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც უშუალოდ ექსპერტულ შეფასებებს აკეთებენ, ჩვენ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი გზავნილი,რ ო თავდაცვის სამინისტრო არის გამორჩეული უწყება, სადაც რეფორმებია რის წარმატებული,"-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.