9 აპრილი - ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი გახდა - 30 წლის წინ დაღუპულებს დღეს რუსთაველის გამზირზე იხსენებენ.
პარლამენტის შენობასთან , პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა თბილისის მერიც.
"მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცხრა აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, სწორედ 9 აპრილმა აჩვენა, რომ ერს ერთიანობით ისტორიის შეცვლა შეუძლია.
"ეს დღე ერთის მხრივ ძალიან ტრაგიკულია, მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიისთვის, ახალი ეტაპისთვის, დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მოვლენების შედეგად, ერის გაერთიანების შედეგად არის შესაძლებელია ისტორიის შეცვლა,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
9 აპრილის გმირებს პატივი მიაგო დედაქალაქის მერმა. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, მაგრამ მეორეს მხრივ ამ დღეს დაიწყო იმპერიის ჩამოშლა, რაც თითოეული ქართველისთვის საამაყოა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში როგორც არ უნდა იყვნენ პოლიტიკური მხარეების ერთმანეთს დაპირისპირებული ყველას ერთი მთავარი იდეა აერთიანებს და ეს იდეა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა. 9 აპრილი კი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.