19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
„მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია იყო დარბეული საბჭოთა სამხედროების მიერ" - სახალხო დამცველი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა

9 აპრილის მემორიალთან მმართველი პარტიის შემდეგ სახალხო დამცველი და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც ნინო ლომჯარიამ განცხადა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, გაიხსენოს ის დიდი მსხვერპლი, რომელიც 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე გაიღო.

„მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია იყო დარბეული საბჭოთა სამხედროების მიერ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის. თუმცა, მეორეს მხრივ ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ვფიქრობ, ყოველ წელს ვალდებული ვართ მოვიდეთ, გავიხსენოთ ეს დღეები და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს,“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ 9 აპრილი ერთი გრძელი ქადაგებაა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მაგალითს წარმოადგენს.

ჯუზეპე პაზოტოს განცხადებით, ყველამ უნდა გამოხატოს პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთი უსამძიმრებს ყველა იმ ოჯახს, რომელმაც 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიისას ოჯახის წევრი დაკარგა.

ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ 9 აპრილი ეს იყო მაგალითი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირვისა და ერთიანობის.

დღის ამბები