„გაბრაზებული ნაკლებად საშიშია, საშიშია სასოწარკვეთილი, ზოგადად, ლიდერი და მგონი, ბიძინა სასოწარკვეთილების ზღვართან არის ახლოს და ამიტომ ხდება სახიფათო,“- ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძეს საზოგადოება ტყუილად სწამებს ცილს. სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი "ქართული ოცნების" ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.
უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გამართლება სცადა.
„ყველაზე მეტად იმან დამთრგუნა, რომ 30 წლის თავზე 9 აპრილიდან, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ამ სტანდარტის, ამ ღირებულებების, ამ მასშტაბის გამოსვლით მიმართავს საზოგადოებას და ცდილობს დაარწმუნოს, რომ შავგულიძე იყო სააკაშვილის მზაკვარი თანამზრახველი გირგვლიანის საქმეში და მურუსიძე იყო უცოდველი მსხვერპლი. ამ შემთხვევაში ცხადი ხდება, რა დღეშია თავად ლიდერი, რა დღეშია თავად ხელისუფლება ამ ლიდერის ხელში და რა დღეშია ქვეყანა და საით მიექანება ასეთი ხელისუფლების ხელში,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილ თანაგუნდელებზე გაბრაზებულია, ამაზე განცხადება დღეს „ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. მისი შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია და ის საშიშია.“