კორუფციის მაჩვენებელი საქართველოში და მოქალაქეების შეფასებები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" მორიგი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი მაღალია და მაღალჩინოსნები თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.
გამოკითხული მოსახლეობის 59%-ის აზრით, მაღლჩინოსნები ბოროტად იყენებენ თანამდებობას.
კითხვაზე - იყენებენ თუ არა საჯარო მოხელეები ბოროტად თავიანთ თანამდებობას შემდეგი მიზნებისთვის, გამოკითხულთა 91% აფიქსირებს, რომ ხელისუფლების წევრები თანამდებობას ბოროტად იყენებენ ახლობლების დასაქმებისთვის.
მოსახლეობის 86% კი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები თანამდებობას თავიანთი ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ.
გარდა ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51 პროცენტი ამბობს, რომ ხელისუფლება გავლენიან ადამიანებთან დაკავშირებით კორუფციის ფაქტებს არ იძიებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 48 პროცენტი თვლის, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,3% ია.