19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში" - ოპოზიცია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და ენმ-ს წევრების დაკავებას ეხმაურება

პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად დაიწყო - ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის შეფასება, გუშინ, სამეგრელოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.  

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატს გახარიას ზონდერები მიუგზავნა. საუბარია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ენმ-ს წევრები დააკავეს. 

„ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის  წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათშორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის  ხელმძღვანელი, გიორგი  პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები  ხელისუფლების მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება „ევროპული საქართველოც“. გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლების გუშინდელი ქმედება სისუსტის და შიშის გამოხატულებაა ოპოზიციის კანდიდატის მიმართ.

„ზუგდიდში მომხდარი ეს ფაქტი არის მიუღებელი აბსოლუტურად პოლიტიკური თვალსაზრისით პირველ რიგში. მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ეს არის ჩემი აზრით გამოხატულება შიშის და სისუსტის, როგორც ჩანს ადგილობრივ კანდიდატს და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის. მეორეს მხრივ ახლა საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიჯის თვალსაზრისით და თუ კი ეს ასე უნდა გაგრძელდეს კიდევ ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ის ნაპრალი თუ უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ძალიან სახიფათო ჩემი აზრით მიდგომა, როდესაც არის საარჩევნო კამპანია, მით უმეტეს ოპოზიციის მისამართით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს პოლიციაც და ხელისუფლებაც,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამი წევრი დააკავა. მათ აყვანაში ზუგდიდის პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები