უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს იუსტიციის საბჭოს არასამომართლე წევრები გამოეხმაურნენ.
საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტსაც და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს კომისიის ის რეკომენდაციაც, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.
“მივესალმები ამ რეკომენდაციას, რომ სწორედ მრავალფეროვნებას უჭერს მხარს ვენეციის კომისია. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, არაფორმალური შეთანხმება, თუნდაც ის სიის წარმოდგენა და შემდეგ გარკვეული განვითარებული პროცესები სწორედ ამაზე მეტყველებს და არც ნდობას არ უცხადებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და როგორც ჩანს არც პარლამენტს, რადგან თქვა, რომ ამ პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო,“- აცხადებს ჯანეზაშვილი.
მნიშვნელოვანს უწოდებს ვენეციის კომისიის მიერ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც. მისი თქმით, საინტერესოა, რამდენად გაიზიარებს უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ვენეციის კომისიამ წარადგინა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები ყველა მიმართულებით, ეს მოსალოდნელიც იყო და ასევე, მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები, სკოლაში რომ იცოდნენ ხოლმე, რომ რვეულში სახლში დამრჩა და ბებიასთან დავრჩი და ამიტომ დავალება ვერ გავაკეთე, მსგავსი ტიპის თავის გამართლებები. დღეს ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ და დავადასტუროთ რამდენად აპირებს ვენეციის კომისიის პოზიციის გაზიარებას თავმჯდომარე, თუ მსგავსი ტიპის შეხვედრები უბრალოდ არის კეკლუცობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე,“- განაცხადა დოლიძემ.