„რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა“ - ასე შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასულმა დეპუტატებმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების თქმით, კომისიის დასკვნაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე შეფასებები უმკაცრესი და უმწვავესი იყო.
ეკა ბესელია მმართველ გუნდს სთავაზობს, ჩააგდოს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება და მხარი მის ინიციატივას დაუჭიროს.
„მე მინდა, მივმართო მმართველ პარტიას, ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას.“ ასეთი პოზით, ასეთი განცხადებებით, ასეთი როლით მე მაგონებთ თქვენ სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ყველამ უარი ვუთხარით, როდესაც იტყუებოდნენ თავს, ატყუებდნენ საზოგადოებას, არ უჯერებდნენ არავის არც შიგნით, არც გარეთ, არ ესმოდათ არცერთი რეკომენდაციის და მერე თეთრზე ამბობდნენ შავს ან პირიქით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ და ჩემი კოლეგებიც პოზიციას დააფიქსირებენ, ეს კანონპროექტი არ ვარგა, ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია, ეს ვერ მოხდება მეორე მოსმენის დროს და სწორედ ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კარგად წაიკითხონ.
„ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას იმაში, რომ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა ის დასკვნა, სიტყვა-სიტყვით ვამბობ, რაც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, გარკვეულწილად მადესკრიდიტირებელი განცხადებაც კი ვენეციის კომისიის მიმართ და როგორც ჩვენ ხუმრობით ვიცით ხოლმე თქმა, „რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა“, კარგად დაინახა მთელმა საზოგადოებამ და ვინც ვერ დაინახა ან ამის დანახვა არ სურს ხომ, მე მოვუწოდებ ყველას, რომ კარგად წაიკითხონ ვენეციის კომისიის დასკვნა,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებასთან დაკავშირებით მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის მისამართითაც არ გაიმეორებს.
„კითხვის ნიშნები, რომ თუ ჩვენ ვიყავით პოლიტიკურად მოტივირებული და რაღაცა ქვეტექსტი ჰქონდა ჩვენს ინიციატივებს და არგუმენტებს და არაპროფესიონალები ვიყავით ამ არგუმენტებში, ვენეციის კომისიის მიმართ იმედია პოლიტიკური მოტივაცია და არაპროფესიონალიზმი არ იქნება მათი პოზიციის მიზეზი და ამ ბრალდებებს, იმედია ბატონი კობახიძე მათ მიმართ არ გაიმეტებს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.