ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა მოსამართლეების დანიშვნის წესში კიდევ ორი საერთაშორისო ინსტიტუტის უმწვავესი შეფასებები. ოპოზიცია უმრავლესობას ახსენებს, რომ ისინი ვალდებულები არიან კანონპროექტში ასახონ ეუთოსა და ოდირის შენიშვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მტკიცებულება, რომ "ქართული ოცნება" ხელს უწყობს კლანის გაძლიერებას სასამართლო სისტემაში.
„თუ ოდნავ მაინც გაინტერესებს ქვეყნის ბედი და მნიშვნელოვანია შენთვის რეალურად მართლმსაჯულების სისტემაში სწორი რეკორმირების განხორციელება, მაშინ "ქართულმა ოცნებამ" უნდა შეისმინოს ეს რეკომენდაციები და დასკვნები. სხვაგვარად კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი დღის წესრიგი არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობის შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის ამ დავალების მონურად და გაუაზრებლად შესრულება,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ეუთოსა და ოდირის დასკვნა არის ისეთივე კრიტიკული როგორიც ვენეციის კომისიის დასკვნა. ოთარ კახიძე მოუწოდებს უმრავლესობას გაითვალისწინოს უმწვავესი რეკომენდაციები.
„მთავარი ასპექტები აქაც არის გადაწყვეტილების დასაბუთება. ღია კენჭისყრა. უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული რეკომენდაციები ვინაიდან ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა და მათ აქვთ ასეთი პირობა დადებული თავად რომ გაითვალისწინებდნენ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
უმრავლესობის ლიდერი კი პირობას დებს, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ მას შემდეგ, რაც მოხდება მისი დეტალური განხილვა. ვენეციის კომისიის შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის წესს ეუთო და ოდირიც აკრიტიკებს. საერთაშორისო ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ მოსამართლეების დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის.