19 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ - აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადააყენეს

4 ხმა ერთის წინააღმდეგ - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი ბორდის სხდომაზე დღეს დააყენეს. 

გადაწყვეტილება ბორდმა სამ საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

ნათია კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.

აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს იმ ერთადერთმა წევრმა, რომელიც ნათია კაპანაძის გადაყენების წინააღმდეგი იყო სხდომაზევე განმარტა, რომ დირექტორის იმპიჩმენტის აუცილებლობა არ არსებობდა. ბეჟან გობაძეს თქმით, ნათია კაპანაძეს თანამდებობაზე ყოფნის მინიმალური ვადა ჰქონდა დარჩენილი და დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„მე ვფიქრობ, რომ საკითხები მართულია. ჯერ ერთი ის, რომ დარჩენილი აქვს დირექტორის მოვალეობა 6 თვე და ამ შემთხვევაში არ ალბათ ღირდა ასე ვთქვათ ამის წამოწყება. მეორე ის რომ გარკვეული პრობლემები თუ არსებობდა ეს უნდა შესულიყო დირექტორთან შეიძლება  წერილობით არა მაგრამ კომუნიკაციის საშუალებით უნდა ყოფილიყო დირექტორთან მიმართვა. და თუ არ გამოსწორდებოდა მხოლოდ ამის შემდეგ იყო უფრო უპრიანი რომ დამდგარიყო დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი რაც არ მომხდარა,“-განაცხადა ბეჟან გობაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ის წევრები კი, ვინ ნათია კაპანაძის გადაყენებას მხარი დაუჭირეს აცხადებენ, რომ ტელევიზიაში ბევრი პრობლემაა, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს. მათი თქმით, ბორდის დღევანდელ სხდომაზე ნათია კაპანაძისგან ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით გეგმა და არგუმენტები ვერ მოისმინეს.

„მეგონა რომ უფრო დასაბუთებულ არგუმენტირებულ მოსაზრებებს მოვისმენდი იმ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით რაც დღეს არსებობს მაუწყებელში. მე ვიცი ერთი რამ, რომ ტელევიზიაში არის ძალიან ბევრი პრობლემა. რა თქმა უნდა ეს პრობლემა შესაძლებელია ჩვენ მივიჩნიოთ ნაკლებად მნიშვნელოვანი, ნაკლებად ღირებული. მაგრამ დღეს მე ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს მას სჭირდება გამოსწორება,“-განაცხადა ნატა იმედაშვილმა. 

დღის ამბები