პარლამენტში დღეს დებატებია მოსალოდნელი. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში უნდა განიხილონ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და სუს-ის პოლიტიკა - ეს არის ძირითადი მიმართულება, რის შესახებაც ვრცელ დოკუმენტშია საუბარი. ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი რჩება.
„ანგარიშში არის აღწერილი, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, იქ არსებული უკონტროლო ვითარება. საუბარია ასევე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობაზე, მათი დაინტერესების სფეროებზე და მისწრაფებებზე,“-აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია.
ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებს და უწყებას პოლიტიკური დავალებების შემსრულებელს უწოდებს.
„მთავარი პრეტენზია სუს-ისადმი არის ის, რომ ისინი არ ასრულებენ პირდაპირ თავის მოვალეობას და სადღაც 130 მილიონი ლარი იხარჯება არა იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ, არამედ პოლიტიკური პოლიციის როს ასრულებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაქცეულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად - დევნა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და მთელი რესურსები, იხარჯება სწორედ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.
ანგარიშს სხდომაზე სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.