დაპირისპირება პანკისში - განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები შს მინისტრს, გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მინისტრმა სახელმწიფოს წინააღმდეგ გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა. ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომელსაც პანკისში განვითარებულ მოვლენებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
“საერთოდ პრემიერი სად არის? ასეთი ხისტი და უხეში მოქმედებით ამ რეგიონში ჰესი კი არა საჩუქარი რომ ჩაიტანო ასე არ უნდა გააკეთო. ვიცით,რომ საკუთარ მოსახლეობასთან ბეტეერებით მოლაპარაკე ხელისუფლება კარგავს ავტორიტეტსაც და კარგავს სახელისუფლებო პატივისცემასაც ეს იყო მორიგი კატასტროფული შეცდომა“-აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილიც. მისი თქმით, სპეცრაზმის პანკისში შეყვანა უგუნური გადაწყვეტილება იყო.
„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, უნდა მოხვდეს იმ ხალხს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ცუდი და აგრესიული არის გახარია და ზომაზე მეტად აძლევს თავს უფლებას, იმიტომ რომ ეტყობა პატრონმა ამის უფლება მისცა,“-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია კი ფიქრობს, რომ მოვლენები პანკისში ქვეყნის არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილებით განვითარდა.
„ეს არის არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება,რომელიც მართავს და პასუხს არ აგებს არაფერზე“,-განაცხადა სამუშიამ.