„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას ეხმაურება, რომელიც ჯო ბაიდენის კრიტიკას ეხებოდა.
ბაქრაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქმედებებით აზიანებს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერზე დადებული განცხადების გაზიარება ტექნიკური შეცდომა იყო, კითხვის ნიშნებს ბადებს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს პარტნიორობის შენარჩუნება და არა შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.
“ჩვენი მთავარი მიღწევა და მთავარი ამოცანა შეერთებულ შტატებთან იყო და იქნება ის, რომ გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან, განურჩევლად იმისა, რომელი პარტია იქნება წარმოდგენილი თეთრ სახლში, რომელ პარტიას ექნება უმრავლესობა კონგრესში. ამიტომ სრულიად მიუღებლად, მავნებლურად და უგუნურად მიმაჩნია ნებისმიერი საჯარო ჩარევა ამერიკის შიდა პოლიტიკაში ქართველი თანამდებობის პირების მხრიდან. ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საჯარო აქტივობით აზიანებს საქართველოს ინტერესებს უცხოეთში, ამიტომ მე არ ვიცი რამდენად ტექნიკური შეცდომა შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც ადამიანი საკუთარ ტვიტერზე ოფიციალურად გადატვიტავს და დადებს ასეთ ტვიტს,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან სკანდალში ეხვევა. საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.
საქართველოს ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა, რომელიც მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო, ის ამჟამად წაშლილია.
დონალდ ტრამპი, ტვიტერზე, პენსილვანიაში სენატორ ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს "მძინარა" უწოდა.