04 მაისი 2024,   00:39
ვრცლად
მასშტაბური კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილ მერს და 6 დაკავებულ მაღალჩინოსანს ბრალს დღეს წაუყენებენ 

აჭარაში მასშტაბურ კორუფციულ სკანდალზე დაკავებულ 7 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

გამოძიება მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, ბათუმის მოქმედ ვიცე მერს, ფინანსთა და განათლების მინისტრების ორ მოადგილეს და მერიის 3 მაღალჩინოსანს ედავება.

საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის “იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4-მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

“უკანონოდ არის დაკავებული, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ  შესაბამის ორგანოებს წარვუდგენთ შესაბამის მტკიცებულებებს. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ჩაგვბარდება საქმის მასალები და შემდგომში, როდესაც ყველა მტკიცებულებას გავეცნობით, შეგვეძლება პასუხის გაცემა. ერთადერთი იმას მოგახსენებთ, რომ კომპანია რამდენად იყო გაყალბებული დოკუმენტებით, ეს ბატონი გიორგისთვის არ იყო ცნობილი,“-აცხადებს ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე.

დაკავებული არჩილ ვანაძისა და ბაგრატ ხალვაშის ადვოკატი ამბობს, რომ სატენდერო პირობები არ დარღვეულა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულებს ტენდერის დროს კომპანიაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდათ.

„არანაირ კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სატენდერო პირობები არ ყოფილა, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ამ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა კომპანიამ, რომელიც იყო აზერბაიჯანული წარმოშობის. სქემა იყო ისეთი თაღლითური, რომ აქ ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდათ ამ ადამიანებს. მაგრამ რეიტინგი, რომ მოიკითხეს და არ აღმოაჩნდა, არ იყვნენ ვალდებულები, რომ მოეკითხათ საერთოდ. მაგრამ რომ არ აღმოაჩნდა, ეს არ იყო დამაბრკოლებელი, რომ ამ კომპანიასთან არ გაფორმებულიყო,“-განაცხადა არჩილ ვანაძისა და ბაგრატ ხალვაშის ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები