27 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
გია ვოლსკის 9 პუნქტიანი, საბრალდებო დასკვნა - მმართველი გუნდი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს 

რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლის თავზე, "ქართული ოცნების" ლიდერები კვლავ ამტკიცებენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამჯერად განცხადებას, მმართველი გუნდის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აკეთებს. 

მმართველი გუნდის წევრები, მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც დილიდან 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ გია ვოლსკი აგვისტოს ომის 11 წლისთავს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

გია ვოლსკის 9 პუნქტიანი, საბრალდებო დასკვნა - ასე შეიძლება ეწოდოს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მიმართვას, სადაც ის ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. 

გია ვოლსკის მიმართვაში სისტყვა-სიტყვით ვკითხულობთ რუსული პროპაგანდის ქართულ თარგმანს, რომლითაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბობმა.

"ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და "ანტისაოკუპაციო" ლოზუნგებსაც გაიძახიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანების აყოლიებასაც ახერხებენ, ვისაც არ ახსოვს ეს მოვლენები:

1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;

2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი  არეალი, თავადვე გადაიღო ეს "ოპერაცია" და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
8. "მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის" აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა,"- წერს ვოლსკი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები