20 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი - დაცვის მხარე სხდომის გასაჯაროებას ითხოვს

ხორავას ქუჩის საქმე - დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძის შემდეგ კიდევ 5 მოწმე დაიკითხება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროცესები დახურულ რეჟიმში აღარ გაგრძელდეს. ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ სხდომის გასაჯაროებაზე უარის თქმა პირდაპირ დაცვის უფლებების დარღვევას ნიშნავს.

„ბოლო სხდომაზე ბატონმა ზაზა სარალიძემ მთლინად დაუჭირა მხარი დაცვის შუამდგომლობას იმ ნაწილში, რაც ეხება სხდომის გასაჯაროებას. აქედან გამომდინარე, პროკურორისა და მოსამართლის ერთობლივი კოხორტა, რაც შეიქმნა და ჩამოყალიბდა ამ საქმეზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, შევეცდები კიდევ ერთხელ გავხლიჩო და საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და გასაჯაროვდეს აღნიშნული სხდომა. სხდომის გასაჯაროებაზე უარის თქმა პირდაპირ ნიშნავს დაცვის უფლებების დარღვევას. ეს არის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა, ცალმხრივად უნდათ პროკურორს და მოსამართლეს ჩაატარონ ეს სხდომა,“ - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდიას მამა აცხადებს, რომ დასამალი არაფერია და სხდომა აუცილებლად უნდა იყოს საჯარო, რათა ხალხმაც გაიგოს ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.

„ჩვენ უდანაშაულოები ვართ აბსოლუტურად ღმერთის წინაშე და მთელი ერის წინაშე და რატომ უნდა იყოს დახურული? ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. იყოს საჯარო და ხალხმაც გაიგოს, ვინაა დამნაშავე, ვინაა მართალი,“ - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

დღის ამბები