18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
საქნახშირის დირექტორის ვარაუდით, გაფიცული მეშახტეების ხელფასების გაცემა კვირის ბოლოს დაიწყება

 

ტყიბულში მეშახტეების აქციაზე "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, "საქნახშირს" ფინანსური პრობლემა აქვს, რამაც გამოიწვია ხელფასების შეფერხება.

მისი თქმით, სამთავრობო სხდომას ელოდებიან და შეთანხმების შემთხვევაში ხელფასების პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება.

"2018 წიდან გავცემთ ხელფასებს და მეთოთხმეტე თვეზე შეგვექმნა პრობლემა, რომლის რეგულირებაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან. ხვალ სამთავრობო სხდომაა, ვისაუბრებთ არსებულ პრობლემებზე, თუ ეს საკითხი მოგვარდა, პარასკევიდან ხელფასების გაცემას დავიწყებთ, თუ არა, მომდევნო სხდომას სამშაბათსაა და იქ გაგრძელდება მსჯელობა,"-განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

"საქნახშირის" დირექტორმა ასევე თქვა, რომ შახტის ამუშავების შესაძლებლობაზეც მიდის მუშაობა.

"პარალელურად, შახტის ამუშავებაზეც მიმდინარეობს კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან. ამ პერიოდში ძალიან დიდი სამუშაოები ჩავატარეთ. თითქმის ყველაფერი მოწესრიგებულია. ლავები ახლა არის დახურული. უნდა გაიხსნას ახალი ლავები. იყო რეკომენდაციები, რომლებიც დიდ დროს მოითხოვდა, მაგრამ თუ გაიცემა ნებართვა ამუშავებაზე, ფაქტიურად შახტი მზადაა, დანარჩენი კადრების გადამზადება და ტრენინგები მერე მოხდება,"- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. 

საქნახშირის დირექტორის ვარაუდით, ტყიბულში გაფიცული მეშახტეების ხელფასის გაცემა კვირის ბოლოს დაიწყება.

"ხვალ არის სამთავრობო სხდომა, სადაც მოგვარდება ხელფასების რეგულაციის საკითხი. თუ მოგვარდა, პარასკევიდან შესაძლებელი იქნება ხელფასების გაცემა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან შახტების ამუშავების საკითხზე, მაგრამ დახურვის საშიშროება არ არსებობს და თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაიდო შახტების ამუშავება, ხელფასები მაინც გაიცემა", – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

ტყიბულში მეშახტეები აქციას უკვე მეორე დღეა, მართავენ. მეშახტეები 80 მეტრის სიღრმეზე იმყოფებიან და პროტესტის ნიშნად ამოსვლაზე უარს აცხადებენ.

 

დღის ამბები