18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი ფარული უკანონო ჩანაწერები და პროკურატურის განცხადება გახდა. ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა, ის საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა.

მმართველი გუნდის წევრებს დღეს ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწიათ. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც ეკა ბესელიამ კოლეგები კანონების უცოდინრობაში დაადანაშაულა.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნების იურისტ დეპუტატებს სამართლის ცოდნა მას შემდეგ დაუწუნა, რაც უმრავლესობის წევრებმა დამოუკიდებელ დეპუტატს პროკურატურაში მისვლა და ფარული ჩანაწერებით შანტაჟის შესახებ მისთვის ცნობილი ინფორმაციის მიწოდება ურჩიეს.

ყოფილი თანაგუნდელების მორიგი დაპირისპირება პროკურატურის განცხადებას მოჰყვა. საგამოძიებო უწყებამ ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირის მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრეცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

ეკა ბესელია პროკურატურაში მისვლას აპირებს, თუმცა, არ სჯერა რომ პროკურატურა მის საქმეს გამოიძიებს. ამბობს, რომ 8 თვის განმავლობაში მის შესახებ უკანონო ჩანაწერები საჯარო ორჯერ გახდა, პროკურატურას კი მთავარი დამნაშავე დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.

გამოძიების არ სჯერა არც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ამბობს, რომ მისი მორალური ტერორისთვის, 3 წლის შემდეგაც, არავინ დასჯილა. ასევე, გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტებიც. ისინი ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეახსენა, რომ საქმე რთული და კომპლექსურია. ამ თემაზე კომენტარი დღეს მედიასთან მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ვის ინტერესში შედიოდა ფარული ჩანაწერების შექმნა და გავრცელება - ეკა ბესელია მთავარი დამნაშავის დაკავებას ელოდება, დამოუკიდებელი დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში მისვლას მომავალ კვირას გეგმავს.

ავტორები: სოფო ოხანაშვილი

დღის ამბები