ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატთა შერჩევის პროცესში ხარვეზებს ხედავს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ ანგარში გამოაქვეყნეს, სადაც შენიშვნებთან ერთად რეკომენდაციებიც შევიდა. დოკუმენტში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული ჩატარებულ პროცესთან დაკავშირებით.
"ყველა ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებას, რომ სრულად შეესრულებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც შეიცავს უშუალო მოსაზრებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის შესახებ, კერძოდ კი საიდუმლო კენჭისყრის, ერთიანი კრიტერიუმების და დასაბუთებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამიტომ, ჩვენ ველით, რომ ეს რეკომენდაციები დაუყოვებლად მიიღება და განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ," - წერია ანგარიშში.
მომხსენებლებს კითხვები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული ზოგიერთი კანდიდატის კვალიფიკაციის, ასევე ინტერესთა აშკარა კონფლიქტთან დაკავშირებულ ბრალდებების ნაწილში. ევროპელი კანონმდებლები რეკომენდაციით მიმართავენ პარლამენტს, რათა მან ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა დაამტკიცოს.
"პარლამენტმა დანიშნოს მხოლოდ მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, დარჩენილი პოზიციები უნდა შეავსონ კანდიდატთა ახალი სიის საფუძველზე, რაც დადგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. სასურველია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით," - ნათქვამია რეკომენდაციაში.