20 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
საეჭვო თვითმკვლელობის ახალი დეტალები

"კურიერმა" 16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გაარკვია. მოწმე, რომელმაც ბავშვის ცხედარი პირველმა ნახა, ჩვენებაში ამბობს, რომ სახურავზე დაღუპულთან ერთად სხვა პირებიც იყვნენ. არ არის გამორიცხული, ამ ჩვენების საფუძველზე ოფიციალური ვერსია შეიცვალოს. 6 დაკავებულს ბრალი ჯერ ძარცვისთვის აქვს წაყენებული. თუ დადასტურდა, რომ ტრაგედიის დროს მოზარდი მარტო არ იყო, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს და დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდეთ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ-ერთი მოწმე აღწერს, რომ საღამოს 7 საათისთვის მე-11 კლასის მოსწავლე საცხოვრებელ კორპუსთან, მის თვალწინ დაეცა.

ყველა მოწმეს უჭირს კონკრეტული პირების დასახელება, ვინ იყო იმ კორპუსის სახურავზე, საიდანაც არასრულწლოვანი გადმოხტა. "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი პირი დაკავებული გიორგი მნათობიშვილია, რომელსაც ხელს პროკურატურის მოწმე ადებს. მნათობიშვილი პოლიციამ თავდაპირველად იარაღის უკანონოდ ფლობისთვის დააკავა. უკვე პატიმრობაში მყოფი პირის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობასთან კავშირი მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც თვითმხილველმა ამოიცნო, რომ სახურავზე 21 წლის ახალაგაზრდა ნამდვილად იმყოფებოდა.

საქმეში მთავარი მოწმის სტატუსი აქვს ტაქსის მძღოლს, რომლის დახმარებითაც გარდაცვლილის მობილური დაალომბარდეს. 65 წლამდე მამაკაცი საკუთარ ჩვენებაში აღწერს, რომ მისთვის უცნობმა ოთხმა პირმა ტელეფონის დალომბარდებასა და თანხის აღებაში დახმარება სთხოვა.  

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი წიწილაშვილი, პოლიციაში გამოცხადებას და თანამშრომლობას აპირებდა და ვერ მოასწრო, რადგან პოლიციამ ბრალი საკუთარ სახლში წაუყენა. წიწილაშვილმა სავარაუდო თვითმკვლელობის მისთვის ცნობილ გარემოებებზე ინფორმაცია დამალა და უკვე ბრალდებულის სტატუსით, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეზობლები "კურიერთან" იხსენებენ, შემთხვევამდე სკოლის მოსწავლე ამ ტერიტორიაზე ხშირად შეუნიშნავთ. 

გარდაცვლილი გუშინ დაკრძალეს. მომხდარის ვერსიებზე სასაუბროდ "კურიერი" დაზარალებულ ოჯახს დაუკავშირდა, თუმცა, მათ, ამ ეტაპზე, საუბრისგან თავი შეიკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები