აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორის შეფასებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას.
"ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრობენ. ჩენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესები არ დაწყებულა დღეს. აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ჩარევებს აქვს ადგილი და მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა სურთ კონკრეტულ პირებს და ამ შემთხვევაში უნდა იყოს უფრო დეტალური განმარტებები გაკეთებული ასევე მათი მხრიდან," – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი მარიამ ქოქოსაშვილი.
ბათუმში გვიან ღამით აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა ტელევიზიის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეებზე ისაუბრეს. აქციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსზეც, რომელშიც, მათი აზრით, პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ბოლო დროს თანამდებობის პირებისაგან, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი და ეს პროცესები საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელია საფრთხის წინაშე დადგეს სარედაქციო პოლიტიკა," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი წევრი.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმართვა გუშინ გაავრცელეს. მედიის წარმომადგენლები დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ. საუბარია ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსზე, რომელშიც მაუწყებლის თანამშრომლების აზრით, პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.