რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი თბილისს მორიგ გაფრთხილებას აძლევს და ღიად ამბობს, რომ სურს იხილოს საქართველო ნატოს გარეშე.
“ნატოს საწინააღმდეგო საჯარო არგუმენტების მიღმა კრემლი სულ სხვა ზრახვებს მალავს”, - ამაში დარწმუნებულია ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობა განმარტავს, თუ რას გულისხმობდა რეალურად პესკოვი მის განცხადებაში.
ერთადერთი, ვინც საქართველოს პარლამენტში პესკოვის გზავნილს საგანგაშოდ არ აღიქვამს “პატრიოტთა ალიანსია”. პარტიაში ღიად ამბობენ, რომ ნატოსკენ სწრაფვას რუსეთთან პირდაპირ დიალოგს ამჯობინებენ. მართალია, ასეთ ფორმატში პარტიის წევრებმა მოსკოვში არაერთი შეხვედრა გამართეს, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ "საუბარი ჯერ დიალოგის მაგიდას არ გასცდენია და რაიმე ხელშესახები შედეგი ამ დრომდე არ არსებობს".
ოკუპაციის პირობებში, პარტნიორების გარეშე, რუსეთთან ორმხრივი დიალოგი მიმზიდველი არ არის საპარლამენტო უმრავლესობისთვის, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კრემლი ნატოს საფრთხეს უწოდებს.
ოფიციალური თბილისისთვის პესკოვის გზავნილი სიურპრიზი არ ყოფილა და არც ის არის სიახლე, რომ აგრესიაზე ხელისუფლების პასუხი კვლავ სამშვიდობო ინიციატივები იქნება.
რატომ არ არის ნატო საფრთხე - ეს პესკოვს დღეს ევროკავშირის ელჩმაც განუმარტა.
"ევროკავშირის ელჩი ვარ და როგორც წესი ნატოს შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე, თუმცა ასეთი საკითხები ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს,ევროკავშირის უმრავლესობა ნატოს წევრია, ამით პასუხი გასაგებია,"-ამბობს კარლ ჰარცელი.
დიმიტრი პესკოვმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ერევანში "კურიერისთვის "მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ვალდიმერ პუტინის პრეს- სპიკერი ჟურნალისტს ინტერვიუზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც "რუსთავი2-ის " გადამღებმა ჯგუფმა რუსეთის ლიდერს შეკითხვებით მიმართა.