18 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - დიცის მაცხოვრებლებმა სახელმწიფოს დაუმტკიცეს, რომ მათი კუთვნილი მიწა ოკუპირებული არ არის

სოფელ დიცის მცხოვრებლებმა ოკუპანტებს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მავთულხლართები არ გაავლებინეს, თუმცა 85 წლის ვენერა ედიშერაშვილს​ საკუთარი მიწის დასარეგისტრირებლად დავის დაწყება სახელმწიფოსთან მაინც დასჭირდა. იუსტიციის სამინისტრომ მოხუცის ოჯახს 1 ჰექტარი მიწის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი ტერიტორიის ოკუპირებულ ზონაში მოქცევა დაუსახელეს. ადგილზე ჩასულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს სრულიად განსხვავებული სურათი დახვდა.

სოფელ დიცის კიდევ ერთ მოსახლე ილია ბერუაშვილს იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკვეთი ოკუპირებულ ზონაში არ იყო მოქცეული, სასამართლო დავის დაწყება დასჭირდა. გორის რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ ფაქტი დაადასტურა. ორი ინსტანციის  გადაწყვეტილება საჯარო რეესტრს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივები მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას შეძლებენ.

ილია ბერუაშვილი თვლის, რომ მისი საქმე პრეცედენტულია. მსგავსი პრობლემების მქონე მოქალაქეებს და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს მომავალში დავის დაწყება შეეძლებათ. დიცელები ამბობენ, რომ მავთულხლართებით გაყოფილ რეგიონში საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესანარჩუნებლად ადგილობრივებს ერთადერთი, იურიდიული გზა რჩებათ. 

 

 

დღის ამბები