რუსული ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ქალთა უფლებების მუდმივი დარღვევა - ამ თემაზე გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობის მრჩეველმა ეკა ყიფიანმა ისაუბრა. ყიფიანი გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ქალთა გაძლიერების შესახებ გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ეკა ყიფიანმა ისაუბრა ქალებისა და გოგონების ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, როგორიცაა გადაადგილების, განათლების და ჯანდაცვის უფლება.
"რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია ხელს უშლის საქართველოს მთვარობას ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაიცვას. მავთულხლართების მიღმა უხეშად ირღვევა ქალებისა და გოგონების ფუნდამენტური უფლებები, ისეთები როგორიცაა გადაადგილების, განათლების და ჯანდაცვის უფლება. იქ მცხოვრები ქალები მუდმივად განიცდიან ჰუმანიტარულ კრიზისს. ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას," - განაცხადა ეკა ყიფიანმა.