ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა თემაზე "ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები" საჯარო შეხვედრა გამართა. ნინო ლომჯარიას თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი პრობლემური სფეროა და სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ დაწესებულებებს შორის, რის გამოც პაციენტებს სათანადო დახმარებას ვერ უწევენ.
"შარშან 400-ზე მეტ სუიციდის შემთხვევას ჰქონდა ადგილი და უფრო მეტ შემთხვევაში სუიციდის მცდელობას. 6 თვის მონაცემებით, წელს 200-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. გარკვეულ სტაციონალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა იქ არსებული ვითარება, თუმცა ეგ არის ნამდვილად მინიმალური და არასაკმარისი,"- აღნიშნა ომბუდსმენმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებასთან ერთად აუცილებელი იქნება სოციალური დაცვის, განათლების სექტორის და ბევრი სხვა სექტორის მონაწილეობა.
"სხვა გამოწვევებთან ერთად იქნება სუიციდის პრევენციის ღონისძიებები, რომელიც საჭიროებს მულტიდისციპლინარულ და მულტისექტორულ მიდგომას. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჯეროვანი პასუხი გავცეთ სუიციდთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აუცილებელი იქნება სოციალური დაცვის განათლების სექტორის და ბევრი სხვა სექტორის მონაწილეობა,"- განაცხადა გაბუნიამ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. წელს ამ დღის ფოკუსი სუიციდის პრევენციაა.