20 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
მკვლელობა შვილების გამო თუ ეჭვიანობა - "კურიერმა" ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია

ხაშურში სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი დღეს მომხდარის მიზეზებზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მეუღლის მკვლელობა ირაკლი დეკანოიძემ წარსულშიც არაერთხელ სცადა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი ცოლზე და შვილებზე სისტემატურად ძალადობდა, თუმცა ამ ფაქტს მეზობლები არ ადასტურებენ.

ხაშურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ახლა დალუქულია. დამტვრეულ მინებს მიღმა სისხლის კვალი ნათლად ჩანს, თუმცა, როგორც მოკლულის და იხსენებს, ყოფილი მეუღლის სიცოცხლეს ირაკლი დეკანოიძემ საფრთხე წარსულშიც არაერთხელ შეუქმნა. ირმა გოგალაძემ "კურიერს" მოუყვა, რომ დეკანოიძე არც არასრულწლოვან შვილებზე ძალადობას ერიდებოდა.

მომხდარით შეძრულები არიან დეკანოიძის მეზობლები, თუმცა ბრალდებულის მხრიდან შვილებზე ძალადობას გამორიცხავენ. დეკანოიძეების ოჯახი, ხაშურში ჭონქაძის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ დასახლდა.

მეზობლების მიერ დადებითად დახასიათებული ირაკლი დეკანოიძე ყოფილ ცოლს თავს გუშინ დილით დაესხა. ბრალდებულმა მაღაზიაში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მუშაობდა ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ამის შემდეგ კი მსხვერპლი იარაღის კონდახით სასიკვდილოდ სცემა და ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის სავარაუდო მოტივად შვილების მიკუთვნების საკითხი დასახელდა.

პოლიციამ, 32 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ამოიღეს. ნივთმტკიცებებს შორისაა ის ხელყუმბარაც, რომელიც დეკანოიძემ ყოფილ მეუღლეს ესროლა, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა. მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულს და სავარაუდო მკვლელს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

დღის ამბები