ოჯახი, სადაც 11ოქტომბერს, ყოფილმა ქმარმა 32 წლის ნათია გოგალაძე მოკლა, დილემის წინაშე დგას. ობლად დარჩენილმა ბავშვებმა არ იციან, ვისთან უნდა იცხოვრონ. შვილიშვილებისთვის მოკლულისა და სავარაუდო მკვლელის მშობლები იბრძვიან. ობლების ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ნათია გოგალაძის ოჯახში მომხდარზე აღარ საუბრობენ, მათ ახლა ახალი საზრუნავი აქვთ - ვის მიაკუთვნებს სასამართლო დედ-მამის გარეშე დარჩენილ ბავშვებს.
13 წლის გოგონა და 9 წლის ბიჭი დედის მკვლელობისთვის ბრალდებული მამის მშობლებთან ცხოვრებაზე უარს ამბობენ. ახლა ისინი დედის ოჯახში არიან და გადაწყვეტილებას ელოდებიან.
უკვე პატიმრობაში მყოფი მამის ოჯახში აღარც ბავშვების თემაზე საუბრობენ. მამას სოციალური სამსახურის მოთხოვნით მამობის უფლებას ჩამოართმევენ. მოზარდები ბოლო წლებში, სანამ დედა საზღვარგარეთ მუშაობდა, მამასთან ცხოვრობდნენ.
სასამართლოს მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სოციალური სამსახური ხვალ მიმართავს. ამ პროცედურის შემდეგ უნდა გადაწყდეს, რომელი ახლო ნათესავი აიღებს მზრუნველობას არასრულწლოვნებზე.
სასტიკი მკვლელობა ხაშურში 11 ოქტომბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა მაღაზიაში მყოფ ცოლს ჯერ ხელყუმბარა გაუხსნა, გაქცეულს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ყოფილი ქმარი კი დააკავეს. მათი ორი საერთო არასრულწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხი სასამართლომ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს.