საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათს, 21 სექტემბერს დაიწყებს. ჩვენი ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. "ჯვაროსნები" 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო 28-ში უკრაინას თბილისში უმასპინძლებენ, 2 ოქტომბერს უნგრეთს, 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრებიან. შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა, ვილი სანიოლმა მედიისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. მასთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე იაშვილიც.
"ცვლილებები ბევრ რამეს შეცვლის მომზადებასთან დაკავშირებით. მსგავსი ცვლილებები ძირითადად უფრო დიდ ნაკრებებს უწყობს ხელს, რომლებსაც დიდი არჩევანი აქვთ კარგი ფეხბურთელების, ხოლო შედარებით პატარა ქვეყნებს, როგორიც ჩვენი ნაკრებია, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ინტენსიურ და მოკლე პერიოდში. თუმცა, უნდა მოვერგოთ ახალ ფორმატს, უფრო ნაკლები დრო გვექნება ვარჯიშისთვის, გადამწყვეტი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვიმუშავებთ.
ვეცდებით ჩვენი რესურსი, რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა ამ სეზონის დასაწყისში. ზოგს ტრავმა ჰქონდა, ზოგი ახლა დაბრუნდა და საკმარისი სათამაშო დრო არ აქვთ კლუბებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგალითად კიტეიშვილის შეცვლა ჩვენთვის ძალიან რთულია.
ჩაკვეტაძესაც აკლია თამაშები, რაც საჭიროა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. იმედია ნაკრების მიმართ სიყვარულით ეს ყველაფერი კომპენსირდება და ისინი მაინც ბოლომდე დაეხმარებიან გუნდს, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული,"- აცხადებს სანიოლი.