18 სექტემბერი 2026,   15:32
ვრცლად
არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და "პოლიგონად" მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. მისი თქმით, იგეგმებოდა საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნაც.

ზარქუამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ხალხის ნდობისა და ერთიანობის წყალობით უცხოური დაფინანსებისა და გავლენის მქონე ჯგუფების გეგმები ჩაიშალა. მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანა უცხო ინტერესების დასაცავად გამოიყენოს.

"ბუნებრივია, ისინი ასე უყურებენ უკრაინას, ზვარაკად უნდა შეეწიროს. ზვარაკად უნდა შესწირვოდა საქართველოც, ასე გვიყურებდნენ ჩვენც, რომ ჩვენ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, რომ ჩვენ უნდა დაგვეღალა ომში რუსეთი, ჩვენ და უკრაინას. ამ მსოფლიო გადანაწილებაში ეს ჩვენზე უნდა გასულიყო, პოლიგონად უნდა ქცეულიყო საქართველო და უკრაინა. ასე უყურებენ.

ამიტომაც კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა ვუთხრათ ჩვენს ხალხს იმ ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. რომ არა მათი მხარდაჭერა, იმდენი ხალხი იყო ჩართული, იმხელა ორგანიზაციები და დაფინანსებები იყო ჩართული ამ უსამშობლოებში, რომ გაგვიჭირდებოდა.

ჩვენ გვენდო ჩვენი ხალხი, გვენდო ერი და ბერი და ამიტომაც დაიდო ის შედეგი, რაც არის.

რეფერენდუმი დაარქვეს 2024 წლის არჩევნებს, გახსოვთ, და დამარცხდნენ, ქართველ ხალხთან დამარცხდნენ ეს უსამშობლოები, იმიტომ, რომ მართლები ვართ. არავის მისცემენ საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების დასაცავად; არავის მისცემენ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ უცხო ძალებმა და უცხო გავლენის აგენტებმა", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები