რუსული ავიაციის კვალი ისევ თვალშისაცემია, აგვისტოს ომის შემდეგ, დაბომბილ სახლებში დაბრუნება ზარდიაანთკარის მოსახლეობამ 2012 წლიდან დაიწყო, დღეს კი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ნანობენ, რადგან ადგილობრივები ხელისუფლების დახმარებას წლებია უშედეგოდ ელოდებიან.
”მე ვითხოვ, რომ სახურავი მაინც გადამიფარონ, რომ თავშესაფარი მქონდეს ნორმალური. მოვლენ, შეამოწმებენ, წავლენ. მოვლენ, წავლენ. მდგომარეობა ისევ უცვლელი დარჩა,” - აცხადებს ზარდიაანთკარის მკვიდრი გიორგი გაბლიშვილი, რომელიც სხვების მსგავსად, სოფელში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ხელისუფლება გადამწვარი სახლის აღდგენაში დაეხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, ნანგრევებად ქცეულ სახლებში, მხოლოდ მცირე ზომის ოთახების მოწყობა შეძლო. მათი ოთახის სტუმრები ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არაერთხელ ყოფილან. საოკუპაციო ხაზთან მცირე ხნით ჩასულ პოლიტიკოსებს დროში გაწელილ, მოუგვარებელ პრობლემებზე არაერთი საყვედური მოუსმენიათ, მაგრამ სურათი მაინც არ იცვლება.
გორის მერი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ზარდიაანთკარის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და პრობლემის შესწავლა მიმდინარეობს.
რაც შეეხება გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს, ის "კურიერთან" სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს.
თავად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის აპარატში კი განმარტავენ, რომ გამყოფი ხაზების სახელმწიფო კომისიამ, მინისტრის ინიციატივით საკითხზე არაერთხელ იმსჯელა.
სახელმწიფო კომისიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ხელმძღვანელობს, თუმცა მაია ცქიტიშვილს თემაზე საუბარი არ სურს.
სოფელ ზარდიაანთკარში სულ 33 ოჯახი ცხოვრობს. მათგან, ხუთს ამ დრომდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია, ნაწილს 200 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდა. ვიდრე სახელმწიფო უწყებები და ჩინოსნები გაარკვევენ, ვისი კომპეტენციაა მოსახლეობის პრობლემის მოგვარება, ადგილობრივები შიშობენ, რომ ამ ზამთარსაც სახურავის გარეშე, დანგრეულ სახლებში დარჩენა მოუწევთ.