პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას პარლამენტში გამოეხმაურნენ.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა თვლის, რომ ამ ფონზე, საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მეტ აქტუალობას იძენს.
"კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, მაშინ, როდესაც პროკურატურა არ არსებობს ქვეყანაში, უდიპლომო და უვიცი, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მსახურის ხელშია ჩავარდნილი, რომელსაც არ აქვს იმის ინტერესი, რომ მათ შორის ასეთი გახმაურებული საქმეები გამოიძიოს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია თვლის, რომ ეს დაკითხვა დაგვიანებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, სპეცოპერაციის დროს ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთოს.
"იმედია, ამის შემდეგ მაინც დასრულდება შემაჯამებელი დასკვნის მიღება პროკურატურის მიერ, რომლითაც უნდა თქვან, სპეცოპერაციის დროს ვინ დაარღვია სპეციალური ნორმები,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, აღნიშნულ სპეცოპერაციაზე სუსის ანგარიშის მოსმენისას ინფორმაცია მიიღეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.