წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
მსჯავრდებულის უფლებადამცველი საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებამდე მასთან სუს-ის წარმომადგნლები მივიდნენ და კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი მალევე ივანეიშვილი დააკავეს.
"ვასაჩივრებთ ამ განაჩენს, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებდა დანაშაულს. ჩვენ არ შეგვითავაზებია არასდროს საპროცესო, ვინაიდან ის არის სრულიად უდანაშაულო. მასთან რამდენიმე ხნით ადრე, სანამ დააკავებდნენ მივიდნენ სუს-ის თანამშრომლები და შესთავაზეს ე.წ. თანამშრომლობა, რაც გულისხმობდა სწორედ იმას, რომ რაც კი ხდებოდა წყალტუბოში, მათთვის უნდა მოეხსენებინა, ყველა ის განცხადება, რომელსაც გააკეთებდნენ ოპოზიციონერები. ეს მან ჩათვალა ამორალურად. მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო დააკავეს გრიგოლ ივანეიშვილი,“ - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუსმა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუსში 26 იანვარს წარედგინა.
გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იანი წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში. სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12, ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუას კი 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.