21 დეკემბერი 2024,   20:56
ვრცლად
"მაპატიე დედა, ჩემი მოგზაურობა უცხო ქვეყანაში არ გამოვიდა" - ბრიტანეთი 39 გაყინული მიგრანტის შესახებ შემზარავ დანაშაულს იძიებს

"მაპატიე დედა, ჩემი მოგზაურობა უცხო ქვეყანაში არ გამოვიდა. ვკვდები, რადგან ვერ ვსუნთქავ" - ეს სიტყვები 26 წლის ვიეტნამელმა გოგომ მშობლებს მისწერა. 2 საათის შემდეგ კი ბრიტანეთში 39 გაყინული მიგრანტით სავსე ტრაილერის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.

სატვირთო ავტომობილმა, რომლის საყინულეში 8 ქალი და 31 კაცი იმალებოდა, დიდი ბრიტანეთის საზღვარი ბელგიის გავლით 23 ოქტომბერს გადაკვეთა. 70 წუთის შემდეგ სასექსის პოლიციამ ტრაილერში გაყინულ მიგრანტებს მიაგნო. სამართალდამცველებმა საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ტრაილერის 25 წლის ირლანდიელი მძღოლი, ინგლისელი წყვილი და 48 წლის მამაკაცი. სატვირთო ავტომობილის აღმოჩენიდან მალევე, ინგლისის პოლიციამ განაცხადა, რომ დაღუპულები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. სამართალდამცველები კი დღეს მედიას მსხვერპლების ეროვნებასთან დაკავშირებით სპეკულაციის გამო აკრიტიკებენ.

"მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სპეკულაციები ხელს გვიშლის გამოძიებაში, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ კომენტარი გავაკეთოთ, თუ რა ეროვნების იყვნენ გარდაცვლილები,"- აცხადებენ ბრიტანეთის სამართალდამცველები. 

39 დაღუპულს შორის, რომ შესაძლოა ვიეტნამის მოქალაქეებიც იყვნენ, ვიეტნამის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირი ადასტურებს. ვიეტნამში ოჯახი უკვე შვილს გლოვობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მიგრანტები ერთი ქვეყნიდან მეორეში არალეგალურად გადასვლის მიზნით საყინულიან ტრაილერს იყენებენ. 2015 წლის აგვისტოში ავსტრიაში ტრაილერში გაყინული 71 მიგრანტის ცხედარი ნახეს.

გავრცელებული ვერსიით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული აპარატურა ტრაილერის შემოწმებისას, ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში ადამიანს ვერ ხედავს. მიუხედავად 26 წლის გოგოს წერილისა და ვიეტნამელი ოჯახების განცხადებებისა, 39 დაღუპული ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. მომხდარის დეტალების გარკვევის მიზნით ამ ეტაპზე ბრიტანულ პოლიციასთან ჩინეთისა და ვიეტნამის მთავრობები თანამშრომლობენ.

 

დღის ამბები