21 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
მრავალკილომეტრიანი და საშიში გზა განათლებამდე - მთისუბნელი ბავშვები ზამთარს სკოლის ნაცვლად სახლში გაატარებენ

ბერიძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ მთისუბნის ქორჩახის დასახლებაში ცხოვრობს. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბავშვების სკოლამდე მიყვანაა.

მაღალმთიანი აჭარის ტყისპირა სოფელში ხშირად გარეული ცხოველებიც შეუნიშნავთ. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც ბავშვების სკოლაში დამოუკიდებლად გაშვება უსაფრთხო არ არის.
ზამთარში აქ თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს. ნალექის, უგზოობის უტრანსპორტობის გამო, მთისუბნის სკოლის ოთხი მოსწავლე, რომელიც ქორჩახის დასახლებიდან დადის,
სასწავლო პროცესს თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში აცდენს.

მთისუბნის სკოლის დირექტორი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ ტრანსპორტის პრობლემა ხულოს რაიონის სხვა სკოლებსაც აქვთ.

მთისუბნის სკოლაში მხოლოდ 9 კლასის განათლების მიღებაა შესაძლებელი. სოფელში არ არის არც საბავშო ბაღი და ადგილობრივებს ბავშვები მეზობელ სოფელ თხილვანაში დაყავთ და ამ ოთხკილომეტრიან გზასაც, პატარებთან ერთად, ფეხით გადიან.

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზემო აჭარიდან ანზორ ბოლქვაძემ პრობლემის შესახებ "კურიერიდან" გაიგო.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონის პრობლემებზე არ ზრუნავს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი მათთვის ტრანსპორტის დანიშვნის თხოვნით, არავის მიუმართავს.

ხულოს 83 სოფელში, ამჟამად, სულ 20 საბავშვო ბაღია. UNICEF-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულებების სიმცირის გამო, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები 2-დან 5 წლამდე ბავშვების 54 % საბავშვო ბაღში ვერ დადის. ზემო აჭარაში მალე ამინდი გაუარესდება. თუ სატრანსპორტო პრობლემა ისევ ვერ მოგვარდა, მოსწავლეები ამ სეზონსაც, სკოლის ნაცვლად, სახლში გაატარებენ.

დღის ამბები