21 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
ანა დოლიძის იმპიჩმენტი - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია 

პოლიტიკური განცხადებების გამო კრიტიკის ობიექტად ქცეული ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დარწმუნებულია, რომ მომსამართლეების უკან მდგარ მმართველ გუნდს მისი მოშორება სურს. ყოფილი პრეზიდენტის კვოტით საბჭოში წარდგენილი დოლიძე მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის. იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი სისტემაში კრიტიკული ხმების შენარჩუნებას მხარს დაუჭერს.

"სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება მორიგი ტესტი, ის დგას სახელმწიფოს მიტაცების მხარეს თუ თავისუფალი და კრიტიკული ხმის მხარეს, იმედი მაქვს სალომე ზურაბიშვილი არ დაუმატებს თავის თავს კიდევ ერთ ტიტულს, რომ ის ხელს უწყობს ქვეყანაში თავისუფალი აზრის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის განხორციელებას,"- განაცხადა ანა დოლიძემ

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივას, თავისუფალი აზრის შეზღუდვად აფასებენ და საბჭოს მოსამართლე წევრებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ.

"ოპოზიციურად განწყობილი არამოსამართლე წევრების შევიწროება კლანის მხრიდან ხდება ინტენსიურად, რადგან ისინი არ იზიარებენ იმ დღის წესრიგს, რომელსაც მოსამართლე წევრები ქმნიან,"- ამბობენ მესამე სექტორში.

მოსამართლეების შეტევას დოლიძეზე შურისძიებით ხსნიან ევროპულ საქართველოში, სადაც ფიქრობენ, რომ საბჭო დოლიძის თავიდან მოშორებით ხელისუფლებისთვის კომფორტის მოწყობას ცდილობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი თვლიან, რომ დოლიძემ ოპონენტებს საბაბი თავად მისცა, როდესაც პოლიტიკურ გეგმებზე ღია ეთერში დაიწყო საუბარი.

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანა დოლიძე დისკომფორტს უქმნის და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა პოლიტიკური დაკვეთაა.

"ნაცვლად იმისა, აღიაროს ამ ხელისუფლებამ, რომ სრული კრახი აქვს სასამართლო სისტემაში. ისინი შურს იძიებენ იმ ადამიანზე, რომელიც კლანს ებრძოდა,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლა ორმაგი სტანდარტით არ უნდა ხდებოდეს:

"თუ სამართლიანობას ორმაგი სტანდარტით მივუდგებით, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც თავისუფალი სასამართლოსთვის იბრძვიან, მაშინ საარჩევნო პლატფორმაზე საუბარი, რომ მისი ამოცანაა უმრავლესობაში მოვიდეს, შეუთავსებელია. მე დავუჯერებ მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელ ადამიანებს, როდესაც ეს ადამიანები არ იქნებიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, მაგრამ იბრძოლებენ სამართლიანობისთვის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დისტანცირებულ პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, საბჭოს თითოეული წევრი შეძლებს, რომ არ იყვნენ სტიგმატიზაციის ხელშემწყობები და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია:

"თავს შევიკავებ რაიმე პოზიციის გამოხატვისგან არა იმიტომ რომ აზრი არ გამაჩნია ამ საკითხზე, რადგან ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს ან მთავრობის კომპეტენცია, შეაფასოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში ან საბჭოს წევრები ერთმანეთთან რა ტიპის ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდნენ, ეს მათი საქმეა. იმედი მაქვს თითოეული მათგანი შეძლებს იმას, რომ სტიგმატიზაციის ხელშემწყობი კი არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ იყოს კოლეგიალურ ურთიერთობაში, იმისთვის რომ ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე რაც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იაპონიიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვაზე ჯერ არ უპასუხია. ზურაბიშვილმა პასუხი უნდა გასცეს არასამთავრობო სექტორსაც, სადაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მანკიერებებში მამხილებლის საბჭოდან გარიცხვა სისტემის მიმართ არსებულ კრიტიკასა და ეჭვებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

10-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც მოსამართლეებმა ანა დოლიძის პოლიტიკურ განცხადებებს მოუყარეს თავი, პრეზიდენტთან უახლოეს დღეებში გადაიგზავნება. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, რადგან მათი თქმით, არამოსამართლე წევრი საბჭოს პოლიტიზირებას უწყობს ხელს.

დღის ამბები