16 სექტემბერი 2026,   15:38
ვრცლად
"მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ" - შალვა თადუმაძე 

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება. თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განმარტებით, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

"სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც ან მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცილებული, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორე, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა.

აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. რაც შეეხება, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

განიხილავენ თუ არა ბოდბელი ეპისკოპოსის საკითხს სასულიერო პირები, ეს სინოდის სხდომაზე ხვალ გადაწყდება. საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ სხდომას თავად მეუფე იაკობიც დაესწრება. 

"ჯერ უნდა მოხდეს კანონიკური სამართლის მიხედვით შიგნით გარკვევა საკითხის და მერე უნდა გადაწყდეს,“ - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ. 

 

დღის ამბები