25 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
ჰყავს თუ არა ქვეყანას უდიპლომო მთავარი პროკურორი - მთავარი მბრალდებლის ოპონენტები დიპლომის ნამდვილობაში ვერ დარწმუნდნენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ისევ უშედეგოდ ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი დიპლომი ნამდვილია. 

გენერალურმა პროკურორმა საკუთარი სიმართლის დამტკიცება ამჯერად უკვე საარქივო მასალიდან ამოღებული დოკუმენტებით სცადა. შალვა თადუმაძემ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნამდვილია, ოპოზიციის კრიტიკას კი "პოლიტიკური ბოდვა" უწოდა.

მთავარი მბრალდებლის მთავარი ადრესატები დიპლომის ნამდვილობაში ვერც ამჯერად დარწმუნდნენ. "ევროპული საქართველოს" წევრები ამ დრომდე ელოდებიან შესაბამის დოკუმენტაციას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან, რომელსაც კითხვით თავადაც მიმართეს. მათთან ერთად თადუმაძის განათლების დოკუმენტზე ინფორმაცია გამოითხოვეს ასევე ანრი ოხანაშვილმა, ომბუდსმენმა და "საერთაშორისო გამჭვირვალობამ".

რიტორიკა დაუწუნა დღეს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამაც.

მას შემდეგ, რაც თადუმაძის კურსელებს ვერსად მიაკვლია, რომან გოცირიძეს ეჭვი უფრო გაუმძაფრდა და რესტორანში ამჯერად უკვე პროკურორის ლექტორებს ეპატიჟება.

ქართულ ოცნებაში თადუმაძის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ და ოპონენტებს გენერალური პროკურორის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

ჰყავს თუ არა ქვეყანას უდიპლომო მთავარი პროკურორი და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი? - ეს საკითხი კვლავ ღია რჩება მესამე სექტორისთვის. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამბობენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან მიღებული დოკუმენტაცია საკმარისი არ არის და ვერ პასუხობს მთავარ კითხვას - როგორ ჩააბარა გენერალურმა პროკურორმა იმ უნივერსიტეტში, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიხსნა. 

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით ირკვევა, რომ შალვა თადუმაძეს იურისტის კვალიფიკაცია 1998 წელს მიენიჭა და გავლილი აქვს 5- წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ამავე ინფორმაციით, მაშინ მოქმედი კანონით სასწავლო კურსის ექსტერნად დასრულება შესაძლებელი იყო. თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხზე საზოგადოება მას შემდეგ მსჯელობს, რაც მთავარი პროკურორი უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელდა.

დღის ამბები