შეწყალების ახალი წესის შესახებ რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ოპოზიციის განმარტებით რეალურად ვერაფერს შეცვლის - ისინი ცვლილების პრობლემურ საკითხებზე საუბრობენ.
"შეწყალების მექანიზმები შესაძლოა ნამდვილად საჭიროებდეს დახვეწას და უკეთ რეგლამენტირებას. "ევროპული საქართველოს" ინიციატივა არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას შესაბამისი ინფორმაცია, რომ შესაძლოა აღნიშნულ საკითხზე იყოს კორუფციული სქემის კვალი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
გარდა ამისა, როგორც ოპოზიციაში მიიჩნევენ, ნებისმიერი ცვლილება საბოლოოდ მაინც "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელი იქნება.
"პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი როგორ საუბრობს საერთოდ ან ფორმის შეცვლაზე ან რამეზე. პრეზიდენტმა პედოფილები, ყაჩაღები და მკვლელები შეიწყალა, ალბათ ისეთი სტილის მიღება უნდათ და მთავარი მათი საზრუნავი ალბათ ის არის, რომ რამენაირად ის გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომში მიიღებენ, საჯარო არ გახდეს. სხვა ცვლილებას ამ პრეზიდენტისა და ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ვერ ვხედავ," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
ახალი ცვლილებები პრეზიდენტმა, იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. სიახლის მიხედვით, შეწყალების დროს გათვალისწინებული იქნება დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი.