18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"ვირტუოზული პიანისტის შთამბეჭდავი გამოვლინება" - ბრიტანული მედია ქართველ პიანისტზე

"ვირტუოზული პიანისტის შთამბეჭდავი გამოვლინება" - ასე ეხმაურება "ობზერვერი" ლუკა ოქროს კონცერტს ბრიტანეთში.

კარნეგი ჰოლი, საუს ბენკ ცენტრი და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში პიანისტებისთვის საოცნებო პრესტიჟული საკონცერტო დარბაზები უკვე არაერთხელ დაეთმო ქართველ პიანისტს.

ლუკა ოქროს ინგლისში დაფუძნებული მუსიკოსია, რომელსაც პროფესიულ წრეებში თავისი თაობის გამორჩეულ საკონცერტო პიანისტად იცნობენ. 

28 წლის ასაკში ლუკა ოქრომ არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიგო, მაგრამ ყველა ჯილდო ერთად რომ მოვაგროვოთ, არანაკლებ შთამბეჭდავი მისი ბიოგრაფიაა. მოგზაურობა თბილისიდან ლონდონამდე, მოსკოვის გავლით, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩამოშლის თანმდევ ქაოსში იწყება და დღეს უკვე ინგლისის დედაქალაქში, შემდგარი პიანისტის სახელით გრძელდება, რომელსაც ბრიტანული მედია სტატიებს უძღვნის და ისეთი ზედსართავებით მოიხსენიებს, როგორიცაა მაგალითად ვირტუოზი, გენიოსი ან მაესტრო.

მუსიკის ბუნებრივმა ნიჭმა ლუკას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში შეუღო კარი. მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრი 2013 წელს გახდა, იმავე წელს მისით ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის პროფესორი ნორმა ფიშერი დაინტერესდა.

მსოფლიოს ორ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ლუკა ოქრომ 3 ხარისხი ისე დაიცვა, რომ არცერთი უმაღლესის საბანკო ანგარიშზე ერთი თეთრიც არ გადაურიცხავს. ლუკა ოქროს 2016 წელს გამორჩეული ტალანტის ვიზა მიენიჭა და ამით ქართველ პიანისტს ბრიტანეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლება დაუდასტურა.

თავისი თაობის გამორჩეული საკონცერტო პიანისტი, ორი ალბომის - 2016 წელს "შუმანისა" და 2019-ში "შოპენის" პრეზენტაციის შემდეგ, ახლა ახალ პროექტზე მუშაობს. ლუკა ოქროს, მის მიერ დაწერილი მუსიკალური კომპოზიციების კრებულის გამოსაშვებად ემზადება.

დღის ამბები