თბილისის შემდეგ რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, "ერთი სარკმლის" პრინციპით მიიღებს.
მათ შორის: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით.
რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ახალმა ცენტრმა რუსთავის საპატრულო პოლიციის ე.წ. "მე-12 ოთახი" ჩაანაცვლა. პრეზენტაციას შს მინისტრის მოადგილეები კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე დაესწრნენ.