21 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
მორიგი წინასაარჩევნო ხრიკი თუ ქველმოქმედება - ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა

მორიგი წინასაარჩევნო ხრიკი საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიცია.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ივანიშვილი წინასაარჩევნოდ თავისი ფულით თამაშობს:

"ეს დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილს აქვს პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართ, როცა ის თამაშობს თავისი ფულით წინასაარჩევნოდ, ეს არის არასწორი ჩარევა განათლების ბაზარზე და ივანიშვილის თამაში თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილის განცხადებით ივანიშვილი მოსახლეობის მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობს, რადგან ხალხისთვის მას ამ 7 წლის განმავლობაში არაფერი აუშენებია:

"ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ხრიკი, იმისთვის რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუოს, მაგრამ ჩვენ კარგად ვნახეთ, ამ 7 წლის განმავლობაში, რა ააშენა ბიძინა ივანიშვილმა ხალხისთვის, თავისთვის რა აიშენა კარგად ვნახეთ,"- აღნიშნა უდუმაშვილმა.

მმრთველი გუნდი საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო ქველმოქმედებაა და ერთი მილიარდი ევრო განათლებას მოხმარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის გია ვოლსკის თქმით, ივანიშვილი ამას დაყვედრებისა და თავისი თავის პოპულარიზაციის გარეშე აკეთებს:

"ახალგაზრდები მიიღებენ მაღალი დონის განათლებას ისე რომ ის თანხები რასაც სახელმწიფო ხარჯავს მათ მივლინებაში საზღვარგარეთ სასწავლებლად იქნება აკუმულირებული საქართველოში. ივანიშვილი და მისი ოჯახი საქართველოსთვის აკეთებს ​ დაყვედრების და თავისი თავის პოპულარიზაციის გარეშე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოზარ სუბარის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგაც, ოპერირების თანხებს ფონდი "ქართუ" გაიღებს.

"ეს როცა დამთავრდება, გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ, მაგრამ ის თანხები, რომელიც მისი ოპერირებისთვის შეიძლება იყოს საჭირო, გაღებული იქნება ისევ, ფონდი "ქართუს" მიერ,"- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები