ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში 60 წლის მასწავლებელს, რომელიც გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დააკავეს, სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე არასრულწლოვანი გოგონაც ადანაშაულებს.
სექსუალური დანაშაული ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. პედაგოგმა მოსწავლეზე, რომელიც მისივე ნათესავია, ძალადობა საკლასო ოთახში სცადა. ელგუჯა ხარაიშვილმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, მაღალი კლასის მოსწავლე ოთახში დატოვა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას იძულებით ცდილობდა.
როგორც არასრულწლოვანი გოგონას მამა "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, ამ ინცინდენტის შემდეგ გაირკვა, რომ ელგუჯა ხარაიშვილს საკუთარ ნათესავზე ძალადობის მცდელობა არაერთხელ ჰქონია. მშობელი იმ ფაქტს იხსენებს, როდესაც სკოლის მოსწავლე პედაგოგმა მანქანაში ჩაისვა და მასზე ძალადობა საკუთარი მცირეწლოვანი შვილიშვილების თვალწინ სცადა.
დაზარალებული ბავშვი იმ დრომდე დუმდა, ვიდრე დანაშაული პედაგოგმა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით არ გამხილა. დაკითხვის დროს მან თქვა, რომ ეშინოდა საზოგადოების რეაქციის, მათ შორის, საკუთარი ოჯახის წევრების.
ელგუჯა ხარაიშვილის წინააღმდეგ გამოძიება არასრულწლოვანი გოგონას განცხადების საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც მათემატიკის მასწავლებელი პოლიციამ სახლში დააკავა. ბრალდებულის მეუღლე ფიქრობს, რომ ამბავი გამოგონილია და მიზნად პედაგოგის დისკრედიტაციას ისახავს.
გამოძიების ეტაპზე გაირკვა, რომ დაკავებული დანაშაულს სასწავლო პროცესის პარალელურად სისტემატიურად ჩადიოდა. ძალადობის მსხვერპლი კი, ერთდროულად სხვადასხვა კლასის რამდენიმე მოსწავლე გახდა.
არცერთ აღნიშნულ ფაქტს ბრალდებული არ ადასტურებს. ელგუჯა ხარაიშვილი ფიქრობს, რომ ის, სკოლის ადმინისტრაციის გეგმის მსხვერპლია.
ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. რადგან საქმეში სკოლის მოსწავლეები ფიგურირებენ, სასამართლო პროცესები დახურული იქნება.