08 დეკემბერი 2024,   22:09
ვრცლად
ვისაც არ მოგვწონს გადაწყვეტილება, ყველამ რომ დავტოვოთ, ჩამოიშლება უმრავლესობა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, მას მაინც "ქართული ოცნება" მოიგებს.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა მყარია და მას დაშლა არ ემუქრება. 

"ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ჩვენს მეგობრებთან, თანაგუნდელებთან, რომლებმაც, სამწუხაროდ გააკეთეს განცხადებები უმრავლესობის დატოვების შესახებ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ რაოდენობაზე უნდა ვისაუბროთ - რაოდენობაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა გარანტია იყოს იმისა, რომ ჩვენ მყარ უმრავლესობას შევინარჩუნებთ, არანაირი საფრთხე არ არსებობს, თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანებმა დატოვეს.  

თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ნაჩქარევი, ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ვისაც არ მოგვწონს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ყველამ, რომ დავტოვოთ თანამდებობები და უმრავლესობა, ეს ჩამოშლის უმრავლესობას, რაც ქვეყანაში კარგ პროცესებს არ გამოიწვევს. 

"კონსერვატორებს" უთქვამთ, რომ გააკეთებენ ხვალ განცხადებას. ძალიან სამწუხაროა, თუ კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოგვაკლდა, ასევე მინდა დავუდასტურო მათ უდიდესი პატივისცემა, თუმცა კიდევ გეუბნებით, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთას არის უმრავლესობაში 104 ადამიანი, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ განცხადებებს, 96 და რაოდენობაზე, ამ ფონზე, ძალიან გთხოვთ, ნუ გვალაპარაკებთ

მე მაგალითად, სანამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ვკითხავდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აზრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხავდი აწყობთ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნები. განწყობებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს პროპორციული თუ შერეული, საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" მოიგებს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები