ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ მედიკოსებიც. მათ გუშინ საპროტესტო აქციაც გამართეს.
მედიკოსები ითხოვენ, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს საქართველოს ხელისუფლება, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით დაკავებული ექიმი სახლში დაბრუნდეს.
"ექიმები ომის დროსაც ხელშეუხებელნი არიან, ამიტომ არანაირი გამართლება არ აქვს მათ არგუმენტებს. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების კომუნიკაცია ოჯახთან. შესაბამისმა დაწესებულებებმა უფრო მეტი ხმაური უნდა ატეხონ. ყველა უნდა შეეცადოს თავის უცხოელ კოლეგას ხმა მიაწვდინოს, რათა მაქსიმალური საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვეს ამ ამბავს," - განაცხადა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ.