11 სექტემბერი 2026,   14:50
ვრცლად
უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმი - ოპოზიცია ხელისუფლებას საერთაშორისო მექანიზმების აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფება შესაბამისს რესურსს არ იყენებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება შესაბამისად არ ცდილობს, აღნიშნულ საკითხში საერთშორისო თანამეგობრობა ჩართოს.

"ვოლსკი და ხუნდაძე კი არ უნდა აკეთებდეს განცხადებას, რომ ეს ადამიანი გამოსაშვებია, საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა მუშაობდეს ხელისუფლება. ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომას უნდა იწვევდეს და იქ უნდა აყენებდეს ამ საკითხს. გაეროს უშიშროების საბჭოში უნდა აყენებდეს ამ საკითხს. ევროკავშირში დღეს პრემიერ-მინისტრს გაგზავნილი უნდა ჰქონდეს წერილი მოთხოვნით, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებული იყოს. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა იყოს ჩასული პარტნიორებთან და მუშაობდეს, რომ ეს ადამიანი გამოუშვან," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ, ყოველდღიურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. უმრავლესობის განცხადებით ხელისუფლებამ უკვე მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ყველანაირი მეთოდებით, რომ გათავისუფლებული იქნეს დაკავებული ექიმი. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ეს პროცესი დაჩქარდეს," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები