18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
შსს: აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა - შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს

პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება,"-ნათქვამია სამინისტროს განცახებაში.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია მოწოდებულია დაიცვას როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა.

"შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს,"- წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს მიმართვს, რომ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირების ან შტურმის შემთხვევაში პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს. 

"კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს,"- ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

დღის ამბები