პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ინიციატივას ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს ყველა ინიციატივაზე, რაც ხელისუფლებას მოქალაქეებზე ზემოქმედების ბერკეტს გამოაცლის.
"დიახ, ამ თემის განხილვა მიმდინარეობს. ეს თემა უნდა განვიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში. ეს კონტექსტი გახლავთ ის, რომ ხელისუფების მთავარი არგუმენტი ბოლო არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზეც იქნება დესტაბილიზაციის საფრთხე და ადამიანების დაშინება იმით, რომ ცუდი მოხდება ქვეყანაში, თუ აღარ იქნება "ოცნება" და ივანიშვილი. შესაბამისად, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რომ საზოგადოებაში შიში არ იყოს," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით კი, წინასწარ თანამდებობების განაწილება ხელისუფლებას ცუდად წარმოაჩენს.
"თანამდებობების გადანაწილება ნამდვილად ცუდად წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ძალოვან სამინისტროებთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული რეფორმირების მეთოდები, სადაც გადამწყვეტი სიტყვა სწორედ არასამთავრობო სექტორს ექნება," - განმარტა ბეჟაშვილმა.
"გირჩის" ინიციატივის მიხედვით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თუ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა, ძალოვანი უწყებები "ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ უნდა აღმოჩნდეს.