სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს. აქტივისტებმა თავდაპირველად სასახლის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე ვითარება დაძაბული იყო.
დღეს ასევე ხმაური და დაპირისპირება იყო კახეთშიც. "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რეგიონებში ახალი კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" წამოიწყო. წნორში ჩასულ ელისაშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებმაც პლაკატები და ბანერები წაართვეს. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირების გამო აქციები პარტია "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმაც დაიწყეს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას დაბოქლომებით არ ემუქრება თუმცა, ახალ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის და მმართველ პარტიას ულტიმატუმის ენით ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ ნაცვლიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას არ შეუერთდება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით არ დადგება.
სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი დაბოქლომებას და საპროტესტო აქციების მოწყობას მომავალ კვირაშიც გეგმავენ.